გიორგი ვაშაძე არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. მიღებული აქვს ორი ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში და სამართლის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობისას (საქართველო, 2006-2010) მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბიომეტრიული პასპორტების, პირადობის მოწმობების, ციფრული ხელმოწერის, მოქალაქის პორტალის- www.my.gov.ge, ერთიანი დემოგრაფიული რეესტრის, ვიზუალური ამოცნობის, დაჩქარებული მომსახურების, დისტანციური მომსახურების (ონლაინ, დარეკეთ სახლში), Baby Book პროექტები და ა. შ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით და უშუალოდ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთერთი ყველაზე წარმატებული იყო იუსტიციის სახლების დაფუძნება (2011 წელს), რომელმაც 2012 წელს გაეროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო საჯარო სამსახურის სფეროში. იუსტიციის სახლები მუშაობდნენ ხარისხის, სისწრაფისა და სიმარტივის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობდა ერთ სივრცეში მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის ყველა ტიპის სახელმწიფო მომსახურების გაწევას. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ჩართული იყოს საბაჟო სამსახურის ზონების გამართვასა და კოორდინაციაში, სადაც მოვაჭრეებს შეეძლოთ დოკუმენტების გამარტივებული ფორმით წარმოება. გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა პროექტებმა და სხვა ინსტიტუციურმა თუ მარეგულირებელმა რეფორმებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ ბიზნესის კეთების კვლევაში ერთერთი მაღალი პოზიცია დაეკავებინა.

გიორგი ვაშაძე არის ინოვაციებისა და განვითარების ფონდის (IDF) ერთერთი დამფუძნებელი. 2014 წლიდან აღნიშნული ფონდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყნის რეფორმების განხორციელებაში და თვისი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის წარმატებულ პროექტში საჯარო შესყიდვების სფეროში (Prozorro) და საჯარო რეესტრის/მომსახურების სახლების (Gotovo) დაფუძნებაში, ასევე, სახელმწიფო ანტი-კორუფციული ბიუროს (NABU) ჩამოყალიბებასა და უზენაესი სასამართლოს ანტი-კორუფციული (HACC) კანონმდებლობის შექმნასა და მიღებაში, და ბოლოს, უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის კანონმდებლობის შექმნასა და მიღებაში.

2012-2016 წლებში გიორგი ვაშაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2016 წელს გიორგი ვაშაძემ დაარსა პარტია „ახალი საქართველო“. 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების დროს, გიორგი ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის საერთო შტაბის ხელმძღვანელი. გიორგი ვაშაძე არის ქვეყნის განვითარების გეგმის „სტრატეგია აღმაშენებელი“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. 2020 წელს „ახალი საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომლის თავმჯდომარეც გიორგი ვაშაძეა.