„სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას აგრძელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო პლატფორმიდან აცნობეს, დღეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე, აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა, პოლიტიკური სუბიექტის “გიორგი ვაშაძე- სტრატეგია აღმაშენებელის” ოფისში, გიორგი ვაშაძეს და მისი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებულ დარღვევებზე და მძიმე საარჩევნო გარემოზე. „გიორგი ვაშაძემ და პარტიის შტაბის წევრებმა “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრებს გააცნეს ის დარღვევები, რომლებიც მათი საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” არსებულ საარჩევნო გარემოზე და დაფიქსირებულ დარღვევებზე ანგარიშს ამზადებს, სადაც, გადამოწმების შემდეგ, შეხვედრაზე პარტიის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც მოხვდება. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.